logo
ENG



"ძირს ჩინეთის კომუნისტური პარტია, ძირს სი ძინპინი" - ჩინეთში კოვიდრეგულაციებს აპროტესტებენ

27 ნოე 202212:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/27/m473zkayscc280k.jpg
Reuters

ჩინეთში კოვიდინფიცირებულების რიცხვის ზრდასთან ერთად ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას რამდენიმე ქალაქში აპროტესტებენ.

საპროტესტო ტალღის გამომწვევი დამატებითი ფაქტორი იყო ხანძარი ურუმაქში მრავალსართულიან შენობაში, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. აქტივისტების თქმით, მოსახლეობამ შენობა დროულად ნაწილობრივი ლოკდაუნის გამო ვერ დატოვა.

ურუმაქის ხელისუფლებამ დღეს დილით განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციებს მოსახლეობის ევაკუაციისთვის ხელი არ შეუშლია.

როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, პარასკევს ღამით აქტივისტებმა სინძიანის რეგიონის დედაქალაქის, ურუმაქის ქუჩები დაიკავეს და ყვიროდნენ  - "დაასრულეთ ლოკდაუნი".

მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა ჩინეთის ფინანსურ ჰაბსა და ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე ქალაქ შანხაიში.

აქტივისტებს ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირათ, როგორც ცენზურისადმი პროტესტის სიმბოლო.

ურუმაქში, სინძიანსა და მთლიან ჩინეთში კოვიდრეგულაციების გაუქმების მოთხოვნის გარდა, შანხაიში აქტივისტების ნაწილი ჩინეთის პრეზიდენტისადმი უკმაყოფილებასაც გამოხატავდა.

„ძირს ჩინეთის კომუნისტური პარტია, ძირს სი ძინპინი“ - ყვიროდნენ აქტივისტები.

მათი ცნობით, პოლიციამ აქციის დაშლა რამდენჯერმე სცადა.

მცირე აქცია გაიმართა პეკინშიც, სადაც მოქალაქეებმა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს.

მასშტაბური საჯარო პროტესტი ჩინეთში იშვიათია. პანდემიის დაწყებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ მკაცრი კოვიდრეგულაციების პოლიტიკის გამო მოსახლეობის ნაწილში პროტესტი იზრდება.

მიუხედავად მზარდი წინააღმდეგობისა, ჩინეთი განაგრძობს პრეზიდენტი სი ძინპინის ნულოვან პოლიტიკას კორონავირუსთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, სიცოცხლის გადარჩენასა და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის პრევენციას ემსახურება.

პარასკევს, 25 ნოემბერს ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 34 909 იყო, რაც ჩინეთისთვის მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. ინფექცია რამდენიმე დიდ ქალაქში გავრცელდა და ხელისუფლებამ მასშტაბური ლოკდაუნი და გადაადგილებასა და ბიზნესების საქმიანობაზე დამატებითი რეგულაციები დააწესა.

 

close დახურვა